Thursday 25 June 2009

ლიბერალების მოკრძალებული ხიბლი

ლიბერალების მოკრძალებული ხიბლი

ავტორი: ბაქარ ბერეკაშვილი


დასაწყისი ანუ დაბადება

რასაკვირველია ჩემი სტატიის სათაური, როგორც უკვე შენიშნეთ პარაფრაზირებაა ლუის ბუნუელის გენიალური ფილმისა ბურჟუაზიის მოკრძალებული ხიბლი. თუმცა ამ სტატიის მიზანი სულაც არ არის ბურჟუაზიული ცხოვრების წესის თუ სოციალური ან გნებავთ ადამიანის ინდვიდუალური ფორმაციის კაპიტალისტური თეორიების განხილვა. მინდა ქართველ ლიბერალებზე გესაუბროთ და ემპირიულ კონტექსტში ჟურნალი ლიბერალი მოვაქციო.

თუმცა, სანამ ქართველი ლიბერალებისა და ჟურნალ ლიბერალის დესკრიპციულ ანალიზზე გადავიდოდი და მათ აზროვნების ველში შევეცდები შეღწევას (მერაბ მამარდაშვილის ტერმინია) მანამდე მაინც მოკლედ განვმარტოთ ის თუ რა არის ლიბერალიზმი.

ლიბერალიზმის გაგება

ლიბერალიზმი, როგორც პოლიტიკური ფილოსოფია დამკვიდრდა განმანათლებლობის ეპოქაში, როგორც ლოგიკური პასუხი ერი-სახელმწიფოების მზარდი აღმოცენებისა. ლიბერალიზმის ორი კატეგორია არსებობს: თანამედროვე და კლასიკური. თანამედროვე ლიბერალიზმის ძირითადი იდეა მდგომარეობს იმაში, რომ ხელისუფალმა არავითარ შემთხვევაში არ უნდა განსაჯოს ის თუ რა არის ადამიანისათვის ცუდი და რა კარგი, რა არის ადამიანური სიკეთე და რა ბოროტება, მაშინ როდესაც კლასიკური ლიბერალიზმის ძირითად პრინციპი უმთავრესად ეკონომიკური თავისუფლების მაღალ ღირებულებაში იყო მოქცეული. ამასთანავე, ლიბერალიზმის ზოგიერთი თანამედროვე მოაზროვნე თავიანთ ფილოსოფიურ რეფლექსიებს უფრო მეტად სოციალ-დემოკრატიული დოქტრინის კონტექსტში აქვცევენ და ძირითად აქცენტებს სამართლიანობაზე და სამოქალაქო საზოგადოების განვითარებაზე აკეთებენ და ხშირად ამართლებენ სახელმწიფოს ინტერვენციონისტურ როლს, როდესაც სოციალური უსამართლობა ჰეგემონური ტენდენცია ხდება (მაგალითისათვის ასეთ ფილოსოფოსებად შეგვიძლია დავასახელოთ უილ კიმლიჩკა და რონალ დუორკინი). Eეს მიდგომები ბუნებრივია სულაც არ არის მიმზიდველი კლასიკური ლიბერალიზმის მიმდევართათვის.

თუმცა როგორც უკვე ავღნიშნეთ, თანამედროვე ლიბერალიზმის ზოგიერთი წარმომადგენელი თანამედროვე საერთაშორისო წესრიგის პირობებში ძირითად ფოკუს სახელმწიფოს ინტერვენციონისტურ როლზე აკეთებენ და მოითხოვენ ხელისუფლებისგან არა იმას, რომ ადამიანისა და სოციუმის ცნობიერებაზე გაბატონდნენ არამედ იმას, რომ ხელისუფლებამ უნდა უზრუნველოყოს ისეთი პოლიტიკური სივრცის ჩამოყალიბება, რომელიც შესაძლებლობას მისცემს ადამიანს იცხოვროვს ისეთ სოციალურ და პილიტიკურ სივრცეში, სადაც სოციალური სამართლიანობის, თანასწორობისა და ეკონომიკური კეთილდღეობის პრინციპი გარანტირებული იქნება და თანაბარი შესაძლებლობების პლატფორმა იქნება გაშლილი ინდივიდებისათვის.

თუმცა როგორც თანამედროვე ასევე კლასიკური ლიბერალები თანხმდებიან იმ ძირითად პრინციპზე, რომ ხელისუფალმა არ უნდა განსაჯოს ის თუ რა არის კარგი ადამიანისათვის და უკარნახოს მას ცხოვრების წესი.

რა თქმა უნდა ლიბერალიზმის კრიტიკაც არსებობს, გამომდინარე იქედან, რომ ის არ არის ერთადერთი პოლიტიკური დისკურსი სამყაროში. ლიბერალების კრიტიკოსების ძირითადი მოტივი მდგომარეობს იმაში, რომ ისინი უარყოფენ ლიბერალების მიდგომას ადამიანის სრული თავისუფლების შესახებ მაშინ, როდესაც ასეთი თავისუფლების ლიმიტი აუცილებელია, ასევე კრიტიკოსები აქცენტებს იმაზეც აკეთებენ, რომ დასავლურ ლიბერალიზმს არ შესწევს უნარი უპასუხოს თანამედროვე გამოწვევებს პოლიტიკაში.

ისიც ვიცი რომ ეს ნარატივი რაც ზემოთ არის მოცემული თქვენთვისაც ცნობილია მაგრამ მაინც, ფორმალობისათვის. ლიბერალიზმის თეორიის აბსოლუტურ სიკარგეშიც ვერ გამოვდგები ოპტიმისტად, განსაკუთრებით მაშინ როდესაც ამ სტატიის ავტორი მემარცხენე გახლავთ, თუმცა აი კიმლიჩკას და კანტის თეორიები მაინც ძალინ მიყვარს.

ლიბერალები საქართველოშიგენეზისი და თანამედროვეობა

ჩემმა მეგობარმა სულ ახლახანს მითხრა, რომ მისი ერთი ნაცნობი ქართველ ლიბერალებს ლიბერასტებს ეძახის. ჰმ, ტინტო ბრასს ალბათ აუცილებლად მოეწონებოდა ასეთი ტერმინოლოგიური შეფასება, იმ ადამიანს აუცილიებლად მოიძიებდა თბილისი რომელიღაც უბანში, სახინკლეში მჯდომს და აუცილებლად წაიყვანდა იტალიაში, სადაც ხინკალს ლოგიკური კანონზომიერებით ჩაანაცვლებდა ლაზანია ან პასტა (პიცას შეგნებულად არ ვამბობ, იმდენად ბევრია უკვე საქართველოში რომ, იმერეთის რომელიღაცა დაბინდულ ტყეში გაშენებულ სოფელშიც კი, ქალბატონ მაყვალას საკუთარი მეთოდოლოგია აქვს პიცის შემუშავებული, რომელიც უკვე სოფლის ბრენდია და სადაც მოცარელას მაგიერ იმერული ჭყინტი ყველია გამოყენებული, რომელიც სხვათა შორის მე უფრო მომწონს ვიდრე იტალიელების მოცლილი მაცორელა).

იმერული სოფლისა და იტალიური პიცის კორელაციას შევეშვათ და ქართველ ლიბერალებს დავუბრუნდეთ. პირობითად საქართველოში ლიბერალების წარმოშვებასა და განვითარებას პოსტ-საბჭოთა პირობებში ორ ეტაპად დავყოფ, ან გნებავთ ორ განზომილებად: პრე-რევოლუციური და პოსტ-რევოლუციური.

პრე-რევოლუციური ლიბერალები ძირითადად სამ ბანაკად იყვენ დაყოფილნი: სამთავრობო ლიბერალები, ოპიზიციური ლიბერალები და არასამთავრობო ლიბერალები. სამთავრობო ლიბერალებს ძირითადად ის ხალხი შეადგენდენ, რომლებიც პრეზიდენტ შევარდნაძისა და დასავლური სოციალური და პოლიტიკური ღირებულებების მიმართ (რაოდენ პარადოქსულიც არ უნდა იყოს შევარდნაძისა და დასავლური იდეების მიმართ ერთ რეჟიმში ლოიალობა) ზოგჯერ მოჩვენებითი და ზოგჯერ დამაჯერებელი ერთგულებით გამორჩეოდნენ და დასავლურ ლიბერალურ დისკურსებს მთელი მონდომებით ითვისებდნენ, ხოლო ასევე იმავე პრე-რევოლუციურ ეპოქაში ოპოზიციურ ლიბერალებს ასევე ის ხალხი წარმოადგენდენ ვინც თავის დროზე სამთავრობო ლიბერალები იყვნენ (ანუ პირველი ჯგუფი). ხოლო არასამთავრობო ლიბერალები კი ძირითადად ოპოზიციური ლიბერალების ღირებულებით სისტემაში იყვნენ მოქცეულნი. ალბათ ჩემმა ამ ჯგუფურმა განაწილებამ გვარიანად დაგაბნიათ, მაგრამ არა უშავს, ჩემთვისაც დამაბნეველია იმიტომ, რომ ქართველი ლიბერალები არიან თვითონ დაბნეულნი.

რა ხდება მეორე ეტაპზე? ვინ არიან პოსტ-რევოლუციური ლიბერალები? სურათი ან გნებავთ ლადშაფტი აქაც არ იცვლება და ლიბერალთა ახალი ანკლავი ისევ ძველი ლიბერალები არიან: თავის დროზე ოპოზიციური და არასამთავრობო ლიბერალები მთელი ქვეყნისა შეერთდნენ და თავად გახდნენ ხელისუფალნი. თუმცა, პოსტ-რევოლუციური ეპოქის პირობებში ნაკლებად ავლენენ თავიან ლიბერალურ რეფლექსიებს და ახალი პოსტ-რევოლუციური ოპიზიცია, რომლებიც თავს ახალ ლიბერალებად აცხადებენ თავიანთი ცნობიერებითა და ცხოვრების წესით უფრო მუსოლინის ფაშისტურ გუნდს მოგაგონებთ, რომლებსაც გონება ვენდეტას მარტივი მისწრაფებებით აქვთ გამოტენილი და ერთი სული აქვთ როდის მოვლენ ხელისუფლებაში, რომ ყველაზე შური იძიონ და სამაგიერო გადაუხადონ. ეხლა, ამ მომენტში, ჩემს წარმოსახვით სამყაროში ასეთი სურათი დავხატე: ახალი რევოლუციის შემთხვევაში, მუსოლინი იქნება კოკო გამსახურდია და ანტონიო გრამში კი გია ნოდია (მიუხედავად მისი და გრამშის განსხვავებული იდეოლოგიური იდენტობებისა), პრინციპული მეცნიერი და პატიოსანი პოლიტიკოსი, რომელიც მკვეთრად არ იზიარებს ამჟამინდელი ოპოზიციის პრინციპებს, ნოდიას აპოლოგეტად ვერ გამოვდგები მაგრამ, ამ საკითხში ვეთანხმები, იმაში რომ ძნელია დაეთანხმო ქართულ ოპოზიციას.

თუმცა, თანამედროვე საქართველოში ვითარდება ლიბერალების ახალი ანკლავი. ესენი ძირითადად ჩემი თაობის ადამიანები არიან (მე 26 წლის ვარ), რომელთათვის ღირებულია შემდეგი:

დასავლური ფორმალური განათლება (დომინანტური სოციალური სტატუსისათვის)
ფინჯანი ყავა შარდენზე
ჟურნალი ლიბერალი
მუდმივ რეჟიმში იმის აპელირება რომძალიან დაკავებული ვარანდრო არა მაქვს” (მაშინ როდესაც დროც აქვს და დაკავებულიც არ არის, მაგრამ დასავლური ლინგვისტური იდენტობის დაცვის შემცნება და მათთვის საყვარელი პროტესტანტული ეთიკა მოითხოვს ამგვარ დისკურსულ რეფლექსიას)
მენეჯერული კლასი
ვერა, ვაკე, საბურთალო
ჭეშმარიტი თბილისელობა
უკვე კარგად გაკრიტიკებული ქართული სოციუმის უმოწყალო კრიტიკა
ირაკლი ჩარკვიანი (ამ უკანსაკნელს მეც სიამოვნებით ვუსმენ)
დავით ტურაშვილი
ტიბეტელი ბერები და დალაი ლამა
ლაშა ბუღაძე
მუდმივ რეჟიმში თვითრეპრეზენტაცია
უამრავი რამ, რთულია ყველა ჩამოაყალიბო, ალბათ რეინკარნაცირებულ ანტიკურ ფილოსოფოსებსაც კი გაუჭირდება ასეთი ღირებულებების სრული იდენტიფიკაცია და ამომწურავარდ ფორმულირება.

ხოლო რათ მათ არ მოსწონს ეს არის:

გოიმები
სოფლელები
უგემოვნოდ ჩაცმულნი
უპოვარნი
უცოდინარნი
ხიხოები
ხინკლის მწოველნი
ჟურნალი სარკე
გაზეთი კომუნისტი
შალვა ნათელაშვილი
ლეილას ალბომები
გოჩა მანველიძე და კარლ მარქსი (ჩემნაირმა მარქსისტებმა მომიტევოს, რომ მანველიძე და მარქსი ეს საბრტყეში არიან, მაგრამ რას ვიზამთ ასეთია ნება ახლაგარზდა ქართველი ლიბერალების)
საბჭოთა კავშირი
ოდნოკლასნიკები

ასეთ ახალგაზრდებს კი ძირითადად სხვადსხვა სოციალურ სტრუქტურებში ან პოლიტიკურში შეხვდებით. ასევე ეწვიეთ Facebook-, იქაც აქვთ თავიანთი ორდენები ჯგუფების სახით ჩამოყალიბებული. ემპირიული მაგალითისათვის ასეთი ჯგუფი გამოგვადგება: Foreign Educated Georgian Professionals

ჟურნალი ლიბერალი

ახლახანს გავიგე, რომ გამოვიდა ჟურნალი ლიბერალი. Gგადავავლე კიდეც თავლი და ეს არის ჭეშმარიტი რეფლექსია ლიბერალების მოკრძალებული ხიბლისა, რამაც გამოიწვია ასევე ის, რომ ამ სტატიისათვის ეს სათაური დამერქვა. განსაკუთრებით ტექსტუალურმა იდენტობმა გამიტაცა და ჟურნალის სახელწოდებამლიბერალი და უცებ მომაგონდა ჩემს ბავშვობაში მოქმედი გაზეთი კომუნისტი, რომლისაც აღარავის სწამდა, მაგრამ მაინც გამოდიოდა. თუმცა გაზეთი კომუნისტისგან განხვავებით, ვგრძნობ ჟურნალი ლიბერალს საქართველოში დიდი პერაპექტივა აქვს და შევეცდები პუნქტობრივად ჩამოვაყალიბო თუ რატომ, ამისათვის გავაკეთე 7 პრინციპის ფორმულირება, გაიცანით და ისიამოვნეთ:

მისი სახელწოდებაა ლიბერალი და არა კომუნისტი (ეს უკანსაკნელი საქართველოში იდენტურია სიტყვაბნელთანან გენბავთ ასეთ სიტყვათა კოტექსტში მოიხსენიებასაწყალი, გაუფრენია”)
ლიბერალი ქართული გაგებითადამიანი რომელიც ფლობს მონოპოლიას სიბრძნეზე და პროგრესზე
ჟურნალს კითხულობენ ყავახანის ინტელექტუალები
ჟურნალს კითხულობენ ქართველი ინტელექტუალები და მათ კარგად ესმით რისი თქმა სურს ავტორს, ისინი ხომ იმერელ გლეხებს არ ჰგავენ სულაც, მარტივი ლოგიკით რომ მსჯელობენ სამყაროს შესაძლო აღსასრულზე.
ჟურნალი ღირს 2 ლარი და პლიუს 80 თეთრი, და როდესაც მას ყიდულობ შენ ამით განსხვადები სხვისგან, მაგალითად, ჟურნალის სარკე ხომ სულ რაღაც რამდნიმე თეითრი ღირს. შენი სოციალური სტატუსი სულ სხვაა მაინც. შენ იცი რომ იმერეთის რომელიმე მარგინალურ სოფელში ბატონი ჯემალი არ იყიდის ამ ჟურნალს რადგან 3 ლარს აგროვებს თავისი პენსიიდან რათა იყიდოს კომიკორი ღორებისათვის და ასევე იცი, რომ ამ ჟურნალს არ იყიდის გლდანის მე-7 მიკროში მცხოვრები ვახო, რომელიც ვაგზალზე ჯინსებით ვაჭრობს და 3 ლარად სიამოვნებით შეექცევა 2 კათხა ლუდს. შენ კი 3 ლარს იხდი და სამაგიეროდ შეიმეცნებ ინეტელქტუალურ სამყაროს. აქ მოქმედებს ფილმ ფორმულა 51-ში განვითარებული ლოგიკადამეხმარე, დაგეხმარები”, დაეხმარე ლიბერალს და შენ დაეხმარები საკუთარ თავს შეიმეცნო ლიბერალიზმი და მაშასადმე გახდე ბრძენი.
ჟურნალს აფინანსებს სხვადსხვა დონორები, მათ შორის ფონდი ღია საზოგადოება - საქართველო, რომელიც თავშესაფარია იმ ქართველი ლიბერალი ინტელექტუალებისათვის, რომელსაც არ ესმით გოიმი ქართული სოციუმის.
ჟურნალის დამფუძნებლები ის ადამიანები არიან, რომლებიც ქართველ ლიბერალთა სივრცეში უკვე დიდი ხანია ინტეგრირებულნი არიან და პატივცემული ადგილი უკავიათ უკვე იქ. და თუკი შენ, გაიცნობ მათ და მათ ხედვებს მაშინ გიხაროდეს რათა მოვიდა ჟამი შენი გონების განათების.

ჟურნალ ლიბერალს ასევე აქვს ერთი კარგი თვისება, კერძოდ კი არ არის საჭირო შეისწავლო კლასიკური და თანამედროვე ლიბერალიზმის თეორიები, რადგანაც სწავლა ნიშნავს ძიებას და თუკი შენ ხარ ჟურნალის მკითხველი შენ უკვე იპოვე ის რასაც ეძებდისიბრძნე და პროგრესი.

დასასრული ანუ აპოკალიფსი

მივადექი ჩემი სტატიის აპოკალიპტურ ნაწილს და ვამთავრებ მას. ერთი შემოთავაზება მინდა დაგიტოვოთ და რომ თქვენც გაგებაში ჩავარდეთ ისევე როგორც მე (ესეც მერაბ მამარდაშვილის ტერმინია). ლიბერალიზმის კლასიკური და თანამედროვე თეორიებიდან, რომელს უფრო მიესადაგება ქართველი ლიბერელების იდენტობა, ან იქნება მათ აქვთ ახალი თეორია? შეიძლება ასეც იყოს.


24 ივნისი 2009 წელი
ბოლძანო, იტალია